არსებობს თუ არა გარანტია?

ჩვენი მკითხველი საზოგადოების და პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა გათვითცნობიერებული,  ინფორმირებული ადამიანები არიან.  მათ კარგად იციან, სათაურში გამოყვანილ კითხვაზე ძირითადად რა პასუხი აქვს კლასიკურ მედიცინას. დადებითი პასუხი რომ ჰქონდეს იმ კითხვას, აღარ იქნებოდა ამდენი წინასწარი ხელმოწერა სხვადასხვა პროცედურის წინ პაციენტის ან მისი ახლობლის მხრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი გაეცნო მკურნალობის პირობებს და თანახმაა მასზე, მიუხედავად პოტენციური შედეგისა და ა.შ… დღეს არა მარტო სამკურნალო, არამედ მრავალ სპა-პროცედურებსაც უძღვის წინ ასეთი ხელმოწერები (მაგალითად: ლაზერული ეპილაცია, კავიტაცია, წონის საკორექციო პროცედურები…).

პაციენტს აუცილებლად სჭირდება იმედი. იმედი და რწმენა მკურნალობის ეფექტურობას აათმაგებს.  თუმცა ძალიან ძნელია გარანტიის მიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა ერთჯერადი აქტი კი არაა (მაგალითად, დაავადებული კბილის ამოღება), არამედ- დროში გაწელილი  პროცესია, რომელიც მოითხოვს პაციენტის მუდმივ სინერგასიას (თანამშრომლობას) იმ მეთოდთან, რასაც სთავაზობს მას მკურნალი. საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის დაავადებების უმრავლესობა ქრონიკული ხასიათისაა და მათი მკურნალობა სწორედ რომ ხანგრძლივ დროს, პერმანენტულ კომპლექსურ პროგრამას მოითხოვს.  სამწუხაროდ, შეუძლებელია ერთ დღეში (თუნდაც 10 დღეში) სრულად მოხდეს განკურნება დაავადებისა, რომელიც წლების განმავლობაში უსიმპტომოდ ან შედარებით ადვილად ასატანი დისკომფორტით ყალიბდებოდა.

ავიღოთ ხერხემლის მალთაშუა თიაქრის მკურნალობა. დაავადებაში ერთბაშად ჩართულია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც იწვევს მის ესკალაციას: დისკის კომპრესია, ძვლების სტრუქტურის რღვევა, მიოფასციალური სინდრომი, ტრიგერული წერტილები, ანთება, ნევრალგია, დისკის პროლაფსი და ა.შ. ჩვენ გვაწუხებს მხოლოდ ტკივილი და გვინდა, რაც შეიძლება, სწრაფად გავთავისუფლდეთ მისგან. ტკივილის მოხსნა მრავალი რამით შეიძლება…არსებობს მონოშემადგენლობის ეფექტური მედიკამენტები, კოქტეილებიც…3-5 ჯერ ასეთი წამლის მიღებაც კი საკმარისია ტკივილის მოსახსნელად. ხშირად ამას აკეთებენ კიდეც მავანნი, ერთს დააჭერენ ხერხემალზე “გამოვარდნილი დისკის” ჩასმის მიზნით და …მკურნალობაც მთავრდება. ჩემთან ბევრი დარწმუნებით ჰყვება, როგორ “ჩაუსვეს” დისკი, თან იკეთებდა კოქტეილს “ანოდინ დუალს”, რომ კუნთები მოდუნებულიყო და დისკიც უფრო ადვილად ჩასმულიყო და ა.შ…ზოგს ეს “ჩასმა” თვეები ჰყოფნის, ზოგს- წელიც…სამაგიეროდ, იმ ერთი წლის შემდეგ დაწყებული ტკივილები უფრო ვერაგი ხდება, რადგან თიაქრის ზომა უკვე თითქმის გაორმაგებულია!

სამწუხაროდ, ხშირად უშედეგოდ მთავრდება ოპერაციაც. ამის მიზეზი სულაც არაა ქირურგის დაბალი კვალიფიკაცია, პირიქით, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა: საქართველოს ჰყავს მსოფლიო დონის მინიმუმ 5 ნეიროქირურგი! ოპერაციის შედეგად საერთოდ არ იცვლება ის გარემო და მიზეზები, რამაც განაპირობა თიაქრის ჩამოყალიბება, არ ხდება ოპერირებული დისკის გარდა დაავადებული სხვა დისკების მკურნალობა, ამიტომ ბუნებრივია,  დარჩენილი მიზეზები განაპირობებს ისევ: ტკივილს, დაავადების ესკალაციას.

შუახნის მამაკაცი მოვიდა კონსულტაციაზე, ნაოპერაციები (ოპერაციიდან 5 თვე იყო გასული). ცალი ფეხი გაშეშებული ჰქონდა თითქმის, უჩიოდა წელში მცირე ტკივილს, მაგრამ ფეხში სრულ დაბრუჟებას, თითებში ტკივილს.  მეორედ დავიბარე და ვსთხოვე, მოეტანა მისივე ქირურგის დანიშნულება შერჩეული ფიზიოპროცედურების შესახებ. მოიტანა (ელექტროფორეზი კარიპაზიმით, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერა, მსუბუქი მასაჟი). დიდებული დანიშნულება იყო. რეალურად ეს კომპლექსური პროგრამა მთელი წელის სეგმენტის მკურნალობისკენ იყო მოწოდებული (ისრაელში, გერმანიაში და ალბათ ბევრგან ამ პროცედურებს უტარებენ თიაქრიან პაციენტებს და თუ ყველა კონსერვატიული მეთოდის შემდეგ დაავადება უკან არ დაიხევს, მხოლოდ მაშინ ინიშნება ოპერაცია. ამ პროცედურების შემდეგ ოპერაცია უფრო ეფექტურია, ვინაიდან იგი ხდება ნამკურნალებ სეგმენტში!).  შევთანხმდით დროზე იმ შუახნის მამაკაცთან. მოვიდა დათქმულ დროს. შემოსასვლელშივე მეუბნება: “ბატონო ჯაბა, მე მჭირდება გარანტია, რომ ამ პროცედურების შემდეგ ფეხის დაბრუჟება გამივლის!”. ამ თემაზე ნასაუბრები გვქონდა. მე ვუპასუხე: “ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ამ პროცედურებს ჩაგიტარებთ უმაღლეს პროფესიულ დონეზე, საუკეთესო აპარატებით და კარგი სპეციალისტის მეთვალყურეობით”. მოკლედ, მამაკაცი დაჟინებით ითხოვდა სხვა გარანტიას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მივეცი! ბოდიში მოვუხადე და ჩემი სამუშაო კაბინეტისკენ წავედი, სადაც თავად სხვა პაციენტი მელოდებოდა.

დიახ, საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მკურნალობა შესაძლებელია! და ხდება კიდეც წარმატებით! უმრავლეს შემთხვევაში, თუ პაციენტი სწორად შეარჩევს შესაბამის გარემოს, ხერხემლის პათოლოგიები უკან იხევს. საბედნიეროდ, საქართველოში  არიან ასეთი დაწესებულებები, გონიერი მკურნალები, რომლებიც სწორედ კომპლექსურ მკურნალობას და მუდმივი სინერგასიას სთავაზობენ პაციენტებს. როცა იცი, რომ ქრონიკული დაავადება გაქვს და ხანგრძლივ პერმანენტულ მკურნალობას საჭიროებ; როცა იცი, რომ ვარჯიშები აუცილებელია შენი ხერხემლისთვის სიცოცხლის ბოლომდე; როცა იცი, რომ მასაჟი და ფიზიოთერაპია ლამის ძირითადი მეთოდია დაზიანებული სხეულის (არა მარტო-სეგმენტის) სამკურნალოდ და მაინც: მიდიხარ ვიღაცასთან , ერთ (თუნდაც ორ) დღეში მომარჩენსო, ან უბრალოდ ირჩევ არაადექვატურ მეთოდს (ნუ მეტყვით, ფინანსების გამო ვაკეთებთ ამასო- ეგ არაფერ შუაშია. ფულის გარეშე არავინ მიგიღებთ-არც “დისკს ჩაგისვამენ”, არც-მალამოთი დაგზილავენ…), მაშინ საკუთარი ჯანმრთელობის მომავალზე შენც აგებ პასუხს!

ეს როგორ? – იკარგება ძვირფასი დრო. კომპლექსური მკურნალობა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო საწყის ეტაპზე იწყება იგი (როგორც- ყოველთვის). კომპლექსურ მკურნალობას შედეგი ყველა ეტაპზე აქვს, მაგრამ უფრო ნაკლები რაოდენობა სეანსების კურსში, უფრო ნაკლები კურსი წელიწადში სჭირდება საწყის ეტაპზე, ვიდრე – ერთჯერად აქტებით ტკივილარიდებული ხერხემლის უკვე გაზრდილი თიაქრების შემთხვევაში.

გარანტია? სად არის გარანტია?

აბსოლუტურად გვესმის პაციენტების, რადგან ნებისმიერი ექიმი თავადაც პაციენტია! მითუმეტეს – როცა საქმე ეხება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. მსოფლიოს სამედიცინო კვლევების მიხედვით მოსახლეობის 90% -ს აწუხებს წელის ტკივილი (სხვადასხვა ხარისხის) – ან დანარჩენი 10% სად მონახეს. 🙂  მკურნალების აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ამ მეთოდების სიკეთე. აღარაფერს ვამბობ პროფესიულ გამოცდილებაზე. მყოლია პაციენტები, რომლებიც მხოლოდ მასაჟით და ვარჯიშებით გამოჯანმრთელებულან. ისეთებიც მყოლია, მხოლოდ სამი კურსი დასჭირვებია ელექტროფორეზის… ერთი ოჯახიდან იყო სამი ადამიანი, თავიანთი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მოვიდნენ: ულტრაბგერითი ფონოფორეზი ჰქონდათ გამოწერილი გიდროკორტიზონით (ერთ პროცედურაში 11 ლარს იხდიდა თითოეული!). მე სკეპტიკურად შევხედე თავდაპირველად, მაგრამ … ეყოთ! მორჩნენ!

მკურნალის სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა კმაყოფილ პაციენტს ხედავს! მე ბედნიერი ვარ მათი ბედნიერებით. ეს ვერაფრით გადასწონის აღებულ თანხას, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ძვირადღირებულ ფიზიოთერაპიულ აპარატებს და სახარჯ მასალას ხმარდება.  

თუ პასუხისმგებლობას ორივე მხარე აიღებს- გარანტიის გაცემაც შეიძლება!

            ვითანამშრომლოთ!

ჯაბა კოხრეიძე.

კლინიკა “სერაფიტის” წამყვანი სპეციალისტი.   ელ-ფოსტა : serafiti.centr@yahoo.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s